“ის”

მოსერავს ტალღებს ფიქრი საზარი
და რომ დასჭექავს თორმეტჯერ ზარი,
გულს არ ასცდება ბედის ისარი!
და მერე…
მიხვდება…
რომ ეს “ის” არის!

შემიყვარდი და იქეცი ჩემს მზედ

მეც მინდა მქონდეს ადგილი მზის ქვეშ,
რათა გავუძლო მოვარდნილ ზღვის თქეშს!
და მხოლოდ შენზე ვდარდობდე მე დღეს
და შევყურებდე შენს თვალებს, ჩემს მზეს!

გრძნობა ფარული

ევკალიპტების ჩრდილი დამყურებს,
ზღვის ღელვა ისმის, ტალღის ლამუნი…
ელაქუცება ტალღა ამ ყურებს
და მე არ მტოვებს გრძნობა ფარული!..

კარგად ბრძანდებოდეთ!

როგორიც მთა,
მაღალი დგას,
ისევე თმა
და შორი გზა
შენსკენ მიხმობენ…
თვალები გგომობენ,
გული გიმზერს,
ოცნება მიძგერს,
მათოვს ფიქრები,
მიხურს ფიფქები,
გკოცნი ღობიდან,
გრძნობა მოვიდა.
ცრემლი არ მინდა!
ვით სახე წმინდა,
გონება მშვიდი,
არცერთი ფლიდი…
შენი სურნელი…
და თბილი ხელი…
დამცინი, ალბათ,
იყავი კარგად!

შემიყვარდა წიგნი

შემიყვარდა წიგნი,

წიგნი, უკვე მკვდარი…

მოდუდუნებს მოელვარე,

მოჩუხჩუხე მტკვარი.

შემიყვარდა წიგნი,

წიგნი, ისევ მკვდარი…

გადმოგვყურებს ნარიყალა,

ციხე, მთაზე მდგარი.

შემიყვარდა წიგნი,

წიგნი, მაინც მკვდარი…

არ გეგონოთ ჩემი გრძნობა

ხელოვნური, მცდარი…

შემიყვარდა წიგნი,

წიგნი, თუმცა მკვდარი…

გარეთ “მზეა ამაზრზენი”

მუნ სხვებისთვის მტკბარი.

შემიყვარდა წიგნი,

წიგნი, უკვე მკვდარი…

იმ დღეს შენთვის, ჩემო ტკბილო,

არ დამდგარა დარი.

შემიყვარდა წიგნი,

წიგნი, ისევ მკვდარი…

მას შემდეგ კი ჩემს გულშიაც

ბუდობს მუნ ავდარი.

შემიყვარდა წიგნი,

წიგნი, მაინც მკვდარი…

რა გავაწყო, რა ვიღონო?!

დამიჭირეთ მხარი!

შემიყვარდა წიგნი,

წიგნი, თუმცა მკვდარი…

არ მითხრათ და აღარ მკითხოთ,

შენი ლექს არს მცდარი!

შემიყვარდა წიგნი,

წიგნი, განა მკვდარი?!

2004 წ.

ვისაც ის ელის

როცა მივა გულს ის, ვისაც ის ელის,
გული არის თუ უსაზღვრო ველი?!
ფიქრებია თუ ვაჟკაცის ხელი?!
დრო-ჟამია ან თუ მჭრელი ცელი?!
დადინჯდება და გახდება ნელი!

ის ვერ ამჩნევს ბედისწერის ტრიალს
და აავსებს ღვინით სავსე ფიალს,
ვერ შეამჩნევს იგი ვერცერთ მტირალს!
ვერ ჩაუქრობს ბედისწერის ფირალს!
ეფერება ახალ მოსულ ტრფიალს!

ამონარიდი IX მოთხრობიდან, რომელსაც არ ეღირსა დასრულება…

მას შემდეგ, რაც საუზმიდან გამოსულებმა გაცნობით (ინფორმაციულ-ტექნიკურ) შეხვედრაზე ამოვყევით თავი, უკვე ხალხის დათვალიერება და გარემოს ათვისება დავიწყე.
რომ გითხრათ, ფრიად აღფრთოვანდი დამსწრე საზოგადოებით თქო, მოგატყუებთ! აზრი არ შემიცვლია! “ესმ!” ანუ _ ეს სად მოვხვდი! რა მინდოდა რუმინეთში საერთოდ, მერე და, სტუდენტურ ფესტივალზე და ისიც, რომელიღაც პროვინციის მიყრუებულ ქალაქში. მაგრამ ამაზე დარდი ცოტა (ცოტათი კი არა ბლომად) დაგვიანებული მეჩვენა და გადავწყვიტე, რომ, რაც იყო, იყო! მთავარია ამაღლებული განწყობა მოვიპოვო და შემდგომ, შევინარჩუნო! ამასთან, საწუწუნოდ არ მქონდა საქმე, რადგანაც მარტო არ გახლდით! გვერდით მეგობრები მყავდნენ და…
ნუ ახლა, ჩემი სადაქალო რომ ყოფილიყო, მაშინ საერთოდ არანაირი პრობლემა არ იქნებოდა! რამდენადაც, ჩვენთვის მთავარია ის ფაქტი, რომ ერთად ვართ ხოლმე და არა ის, თუ სად ვართ! ეგრე სურამში დავყავით მთელი ერთი კვირა, სახლიდან გაუსვლელად და ყველაზე მაგარი ის იყო, რომ სადმე წასვლის სურვილი არც კი გაგვჩენია. წამოსვლის წინა დღეს მოვალეობის მოხდის მიზნით მოვიარეთ ქალაქი: დავლიეთ სამკურნალო _ “ჟანგიანი” წყალი, ვიყავით სამების ულამაზეს ტაძარში, რომელიც ნებისმიერ ადამიანს უნახავს, გავლით, ვისაც რიკოთი გადაულახავს საავტომობილო გზით ცხოვრებაში ერთხელ მაინც! ავედით ზურიკელას ციხეზე… რომ მერე მშობლებისთვის და სხვებისათვის მოსაყოლად რამე გვქონოდა, რამდენადაც, რაც სურამში სახლში ყოფნის პერიოდში ხდებოდა, ენით გადმოუცემელია! რომც გადმოვცე, ამას ცალკე მოთხრობა დასჭირდება და სუსტი გულის პატრონებისთვისაც არ იქნება რეკომენდებული. ერთს ვიტყვი: მანდ გადაღებულ ვიდეოთაგან რომ მომინდეს, ვერცერთს ავტვირთავ ნეტში…
ეს დიდი გადახვევა სრულიად უაზროდ გაეკვეტა ამ მონაკვეთში. მაგრამ არსი მთავარია! მთავარია კარგ ხალხთან ერთად იყო და სად ხარ, ეს უკვე, მეორეხარისხოვანია!
მაგრამ აქ იბადება კიდევ ერთი კითხვა! რამდენად კარგ ხალხში მოვხვდი?! კაი, ჰოოოო!

ჯანდაბას, ვხუმრობ, მაგრამ ისეთ ხუმრობას რა ვუთხარ, სადაც სიმართლის მარცვალი არ დევს!
მე ეს გამოთქმა ჩემებურად გადავაკეთე: ყოველ ხომრობაში დევს ხუმრობის/იუმორის მარცვალი, ხოლო დანარჩენი ყველაფერი სიმართლეა!

ამონარიდი I
ამონარიდი II
ამონარიდი III
ამონარიდი IV
ამონარიდი V
ამონარიდი VI
ამონარიდი VII
ამონარიდი VIII

მე ძლიერ მიყვარს ეს შემოდგომა

მე ძლიერ მიყვარს ეს შემოდგომა,
წვიმის წვეთებში ჩავიძირები!
ოღონდაც მწამდეს ჩემი გრძნობების,
მე სიყვარულის, შენი ფიქრების.

ამ დროს არ დარდობ შენ არაფერზე,
დგახარ წვიმაში და ის გასველებს,
მაგრამ გამთბარი ხარ სიყვარულით,
შენი სინაზე მას არ ასვენებს!

და თუკი გული მაინც დასველდა
ეს არ იქნება ცრემლი სისველის,
არამედ გრძნობა ბედნიერების
და ფიქრი მისი, რომ ის შენ გელის.

დახუჭავ თვალებს და ზეცაში ხარ,
და არ გადარდებს შენ არაფერი,
გაახელ გრძნობებს სიყვარულისას,
და დაინახავ რომ ის შენ გელის!

დამეძებდი

და შენ მეძებდი ღამის სიჩუმეში,
აწყდებოდი თალხ-მთიან მიწებს.
ვერსად მხედავდი და განიცდიდი
და ახლა ფიქრების უკუგდება მიწევს.

ღამის სიჩუმეში შენ დამეძებდი
და შენთან ფიქრი თეთრი მიწვევს…
მე მოვიდოდი, უეჭველად, წვიმად…
მაგრამ წვიმა არ მიშვებს მოვეფერო მიწებს…

მთელი ცხოვრება

გრძნობები მოღელავდნენ ადიდებულ მტკვარში.
არ მალავდნენ ფიქრის მორევში აქაფებულ ცრემლს.
გულის დამცველად ანგელოზი ჩამდგარიყო კარში.
სიტყვების რახუნი ახურებდა ტკივილის გრდემლს.

შემოფლეთილი ორგანო ძლივს სცემდა ხმას.
ძარღვების ბრაგუნში იცნობოდა სიცოცხლე.
ნელ-ნელა ვენა წვეთ-წვეთად აორტას სვამს.
მთელი ცხოვრება შენს ლოდინში ვიცოცხლე!

ჩემს სამშობლოს


ნისლი ჩამოაწვა
თბილისს სევდიანი:
-ჩემი ბედიაო
წვიმის ხეივანი!
ვზივარ და არ მიმძიმს
ფერთა შედარება!
დასკვნა:
ჩემს სამშობლოს
სხვა ვერ შეედრება!!!

როცა სულში დაღამდება

როცა სულში დაღამდება, ჩუმად
და დაიწყებს ღრღნას გულისას ჭია,
გახსოვდეს, რომ გზა ყველას გვაქვს ერთი!
არ ამოვა ჩვენს საფლავზე ია.

ჩვენი გული ხომ სარკეა სულის,
ასევეა პაწაწინა ია,
იქ ამოდის კოპწია და კოხტა,
სადაც ნახავს, რომ სიწმინდე რგია.

დაღამდება უცნაური ლოდით,
განა კი ეს ღირსი ტკივილია?!
აქეთ, ჩქარა, ნახეთ, აქეთ მოდით,
ჩვენს საფლავზე ამოსულა ია.

ლექსი გამცემი

ფიქრმა დამბინდა,
ვეღარაფერს ვგრძნობ,
სხვაგან არ მინდა,
როცა შენ მათბობ!

სულის სინაზე,
გულის სიუხვე
მომართვი სინაზე,
შენა ხარ ჩემი სვე.

არ მინდა სხვაგან,
როცა შენ მათბობ!
რა მინდა სხვაგან,
როცა შენ მათრობ?!

ვიყოთ ჩვენ ერთად,
დღემუდამ ერთად.
ხელს არა გვიშლის.
დაგვლოცა ღმერთმა.
ჩვენი საიდუმლო
მან იცის მხოლოდ.

სულმა იპოვა სინაზე,
ღამემ წყვდიადი მოკლა,
ჩუმად დავწერე სილაზე,
შენი სახელი, ლოცვად…

მარტოობა

დაღამდა…
დავრჩი მარტო!
ჩემს სულშიაც ბნელა…
მხოლოდ ერთ კუთხეში,
სადღაც…
იწვის სანთელი ნელა…

დრო გავიდა…
მაგრამ…
გრძნობები ვერ შემინელა!

შენი სიკვდილი,
ხორციელმა,
ვერავინ მოინელა…

გამოხმაურება გიორგი წურწუმიას ლექსზე – “დემონის ლიმონი”

დიდ ხანს ვფიქრობდი გამომექვეყნებინა თუ არა ეს ძველი ლექსი, ხოდა თქვენს წინაშეა, გაუმართავი და დაუხვეწავი, მაგრამ ჩემი სულისა და გულის ნაწილი, როგორც ნებისმიერი ჩანახატი, მოთხრობა თუ ლექსი, რაც კი ოდესმე დამიწერია და არ დამიწერია…

(ეძღვნება… თავად იცის, ვისაც ეძღვნება!)

…გამოვართმევ დემონს ლიმონებს,
დაველოდები, სანამ ქალი თვით დამიმონებს…

I

მე დიდხანს ვართმევდი დემონებს ლიმონებს,
მაგრამ ამ ქვეყნად ვერავინ დავიმონე!
და გამძლეობაც მე ბევრჯერ მიმოწმეს…
ანგელოზი კი სიყვარულს მიმოძღვრებს…

წითელი ვაშლებიც ბევრი მომიძღვნეს,
მომცეს ლექსებიც და გამომიშვეს
კვლავაც ეული, როგორც დრო მოცელს, მომოწევს
შენზე დარდს შევეშვა, თუმც, გული არ იშლის.

სიცოცხლეს ვართვი წუთები,
სიკვდილს ვაძლიე!
ბევრიც გასაჭირი
ამ ქვეყნად დავძლიე!
თუმც, ღვინის ნაცვლად
შარბათიც დავლიე,
დღეები უაზროდ
მე შენს ძიებაში
გავლიე…

II

და ბოლოს, როს იმედი
სრულად გადავიწურე,
მომლოდინე,
იქვე ქვაზედ მჯდარი გიხილე,
სად მოგზურობა და
ვნება ჩემი ვიწყურვე…
შენ კი ფერხთით უამრავი
ლიმონი მიფინე!

III

ამაოდ ვცდილობდით ქვეყნად ვინმე გვემონა,
რადგან ორთავე დიდი ხანია სიყვარულს ვმონებთ.
შენ გამოართმევ ჩემთვის დემონს ლიმონებს,
შუაძე გავჭრი და მოწიწებით, შენვე გამოგიწოდებ…

IV

დიახ, ვარ სუსტი, მაგრამ
გვერდს შენი თბილი ხელი მიმაგრებს!
და მზე ხვალ კიდევ ერთხელ ჩვენთვის ინათებს
და ყველას საკადრის პასუხს მივაგებთ!
ადამ და ევა კაცად ივარგებს!
და ხვალ პირველად მოპვსტაცებთ დემონებს ლიმონს
და ერთად ავხდით მონობას ბორკილებს _ ლითონს!

უცნაური ფრენა

ვაჟების ყურადღება არც არასოდეს აკლდა. მისთვის ხომ ყოველი დღე რვა მარტი იყო. მაგრამ, აბა, რა მისი ბრალი გახლდათ, თუკი გულს სიყვარული არ ეკარებოდა?! ძალიან კი უნდოდა თავადაც, მეგობრების მსგავსად, მსუბუქი ფრთებით ეფრინა… მაგრამ ეს ზეციური გრძნობა იგვიანებდა.

* * *
დილით ადგომა უჭირდა. ვერაფრით შეეგუა შვიდზე გაღვიძებას. საერთოდ, ნებივრიბა უყვარდა, ამიტომ მაღვიძარას ადგომამდე ნახევარი საათით ადრე აყენებდა და დროის ეს მცირე მონაკვეთი ხან მთელ საუკუნედ, ხანაც ერთ წამად, თვალის ერთ დახამხამებად ეჩვენებოდა.

* * *
ღამით იწვიმა.
თვალი რომ გაახილა, საათს დახედა, ხომ არ ჩამძინებიაო, მაგრამ ციფერბლატი მხოლოდ ექვსის ნახევარს უჩვენებდა.
აფორიაქდა.
ყოველთვის, როცა ადრე ეღვიძებოდა, ან რაიმე ძალიან კარგი უნდა შემთხვეოდა, ანაც – ძალიან ცუდი.
სახლიდან რომ გავიდა, ჯერ კიდევ ყველას ეძინა.

* * *
რა ლამაზი და შეურყვნელია დილით ბუნება…
გარეთ რომ გამოვიდა, ირგვლივ სამარისებური სიჩუმე სუფევდა და ყველაფერს გაზაფხულის სუნი ასდიდოდა. სკვერში ჩამოჯდომა სურდა, მაგრამ ნაწვიმარი იყო და ვერ მოახერხა.
წამით ფიქრი შეწყვიტა, გულის ხმას მიუგდო ყური, მის წიაღს ჩასწვდა და ჩაესმა:
“…მოგანატრე სათიბი და ტყე,
სუნი ქუსლით გასრესილი ანწლის…”
“…აწი აღარ გაგაჩერებ შინ…”
“…გახაფხული შემოსულა, ლენ,
გახაფხული შემოსულა, ლენ!!!”

* * *
უნივერსიტეტი თითქმის ცარიელი დახვდა. პირველი კორპუსის ბაღს მიაშურა. მოსწონდა ნაწვიმარი თბილისი.
ერთბაშად, აიტაცა საყვარელი სიმღერის მოტივი და გული სიხარულით აევსო.
რატომ მანამდე არ ამჩენვდა ბუნების სილამაზეს. თითქოს პირველად აეხლილა თვალი და გაუნათდა სული…
ყველაფერი მიწიერი დავიწყებას მიეცა… დარჩა მხოლოდ ბედნიერების უსაზღვრო განცდა და სიხარული, სწორედ იმ მარადიული სიხარულის მსგავსი, ზეციურ სამყაროში რომ გვეგულება მოკვდავთ.
თითქოს, ის ფრთა გამოესხა, რომელსაც ასე ძლიერ ნატრობდა… ახლა მასაც შეეძლო ფარფატი… მაგრამ პატარა ბარტყის მსგავსად, ჯერ ფრენა არ იცოდა. არ იცოდა და ამიტომ სწავლას შეუდგა. პირველ ცდაზე ფეხი დაუსხლტა და წაიბორძიკა, მაგრამ სამაგიეროდ, თანდათან, ნელ-ნელა, სულ მაღლა და მაღლა მიიწევდა. თანდათან საოცარ სიმსუბუქეს გრძნობდა.
ფრენით რომ გული იჯერა, წამით შესასვენებლად მიწაზე დაეშვა, რათა ძალები აღედგინა და შემდეგ კვლავ ცისათვის მიეცა თავი. აქედან ქალაქი ხელის გულზე ჩანდა. უცებ ხალხის უცნაური გროვა შენიშნა, ფრთა გაშალა და მთიდან პირდაპირ მათკენ დაეშვა.
იქ მყოფთა სახეზე შემზარავი სურათი ირეკლებოდა. უცნაურად გაჩერებული სატვირთო მანქანა, მზერა აშლილი მესაჭე და ჯერ კიდევ თბილი გოგონა.
არაფერზე დასწყვეტია გული. ასეთი მსხვერპლის გაღება, ჯილდოსთან შედარებით, არაფრად ეჩვენა. ფრთა გაშალა და ზეცას მიაშურა.

“ვარდის ფურცლობის ნიშანი”

იცი… ღამეა…
არ მეძინება!
რა დამაძინებს?!
არა, კი არ მცხელა, მაგრამ სიცხე რა მოსატანია?..
თუმცა, მართალი ხარ!
სიხარულისა და გრძნობებისაგან მცხელა…
რა მიხარია?
არ ვიცი…
ალბათ სიცოცხლე…
მიყვარს?
მიყვარს!
არა, ვერ გამიგე…
მე კონცრეტულ პიროვნებას არ ვგულისხმობდი!
მე მიყვარს სიცოცხლე!
და მერე რა, თუ ის არ გიჟდება ჩემზე?!
სამაგიეროდ უფალს ვუყვარვარ!
საიდან ვიცი?!
აკი გითხარი, ვგრძნობ, მეთქი!
განა შენ არ გრძნობ მის მამურ ზრუნვას?!
ხო, გარეთ რომ იყურები შენ გუბეს ხედავ ნაწვიმრის შემდეგ!
მე _ ცისარტყელას!
ახლა გესმის?
არა?!
მაშინ მითხარი, რისთვის იღვიძებ შენ ყოველ დილით?
არ ხარ მართლი!
ხომ გაგიგია: “სცდების და სცდების სიკვდილსა…”
არ გაგიგია?
“ვარდის ფურცლობის ნიშანი”…
არც ეს გსმენია?
იცი, ახლა მესმის! _ “ვარდთა და ნეხვთა მზე სწორედ მოეფინებისო”…
შენ არა!
მე!
რატომ?
იმიტომ! სიოცხლე მიყვარს და მიხარია…
შენ კი ვერაფერს გშველი!

სიჩუმე – გესმის?

გიყვარვარ?
ხომ ლამაზია, სიცოცხლე?!
შენ კი ვერ ამჩნევდი!
აკი, გითხარი, “ვარდის ფურცლობის ნიშანი”… – მეთქი!

08.08. 2006წ.

რატომ სჩადის ადამიანი დანაშაულს?!

(ეს რომ დავწერე, პირველ კურსზე ვიყავი, მეორე სემესტრში… ქალბატონმა მაია ივანიძემ დაგვავალა აღნიშნული… მაგრამ მაშინ არ ჩავაბარე! ხელთ მეპყრა და ვერ მივეცი! არ ვიცი რატომ… მგონი კარგი ვქენი… არა იმიტომ, რომ ცუდი ნაწერია, არამედ…)

ადამიანი დანაშაულს იმიტომ სჩადის, რომ ვერ უძლებს ცდუნებას.

ყველაფერი ჯერ კიდევ ადამისა და ევას დროს დაიწყო – ისინი გველმა აცდუნა.

პირველი დამნაშავენიც ისინი არიან, რადგანაც დაარღვიეს უფლის სიტყვა – კანონი.

ადამიანის ყოველი უბედურების სათავეც ეს არის! ყველაფერი აქედან იწყება… ხოლო ნებისმიერი სხვა მიზეზი თუ მოტივი უკვე დაცემული ადამიდან გამომდრეობს.

მიმდინარეობს მარადიული ბრძოლა კეთილსა და ბოროტს შორის ცოდვათა დასათრგუნად: ზოგი ამარცხებს ბოროტებას, ზოგიც – თავად მარცხდება. მაგრამ არ უნდა დავნებდეთ უბრძოლველად!!

ადამიანი იმიტომ სჩადის დანაშაულს, რომ მისი ბუნება ცოდვებისკენაა მიდრეკილი!

ჩემი და დაჩის შაირობა!

D1: მე

D2: დაჩი

————————-

D2:

ეს შავთვალება ამებაც,
ნეტავ სარდაფში დამება,
ასე ნანატრი რომანი,
კი სხვა გოგოსთან გამება….

D1:

იმ გოგოს მთვარე არ უნდა
და არც ამებას დაეძებს,
მხოლოდღა ერთსა ნატრულობს,
იმას ტვინი რომ გაეზრდეს :D

D2:

იმ გოგოს მთავრის მაგივრად,
ვიცი ურჩევნის დოლარი,
მე კიდე გაჭირვებისგან
ლამის ჩავიცვა ოლარი…
მაშინ ხომ ალბათ გარდავა,
ჩემი ცხოვების გზიდანო,
ხომ იცი ჩემო დიანა,
მერე შენ უნდა მიწამლო….

D1:

ეჰ, დაჩი, ჩემო, წამლობა
არ არის ჩემი ხელობა!
ის გოგო ღირსი არ არის
არც მარწყვის, არცა კაკალის…

D2:

ხოდა, სხვა გოგოს მოვძებნი,
რომ დავუკრეფო ვარდები,
მარწვივით ტუჩებს ვუწამლო,
გავუზიარო დარდები..
მაგრამ თავზედაც ვიფიქრებ,
ვიცი გამიგებს გამგები,
ძალიან კარგი ვერ არის,
თავში დაგეცეს კაკლები….

D1:

მხოლოდ ერთს ვიტყვი აქაო,
მერე მოვრჩები ლაქლაქს,
თავს ჩაუფიქრდი კარქაო,
ადრე არ მორჩე პარპაშს :P

D2:

მეზარება ვორდში წერა,
წამდაუწუმ კოპი, პეისტ,
დამიწყნარდი, თორე, დიკო,
მოგაგონებ პოლტერგეისტს :D

D1:

ოჰო, ამას დამიხედეთ,
მუქარაზეც გადასულა!
არა, მერანს ვერ გახედნი,
დააბრუნებ ვერც გარდასულს!

ანეგდოტი მოჰყვა ჩქარა!
გავბრაზდები მე თუ არა!

D2:

ანეგდოტი: ქოპი პეისთზე

მომიტევეთ, უხამსობა
ანეკდოტმა მოითხოვა,
სწორედ მიტომ ამ სმაილმა,
ეს დესკტოპი მოიხოხა (rofl) :)

D1:

უხამსობას გაპატიებ,
შეურაცხყოფას კი არა,
მე მეტს ვეღარ მოვიგონებ,
გამიქრება მუზა, მარა,
ავურიე ყველაფერი,
ჩამომშორდი ახლა ჩქარა!

D2:

განვალ შენგან, მე სატანა (იმდენი რა ვთქვი),
დაგიტოვებ უმწიკვლო სულს (იმდენი შე რა გითხარი),
ანეკდოტი თუ მოგინდა,
მოგაწოდებ პირდაპირ ბმულს!

:D :D :D

იმედია, მოგეწონათ და იხალისეთ!

თუ არც მოგეწონათ, რაა! :D
მე და დაჩიმ ვიხალისეთ! :P

ჩანაწერები

“ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველა არ გავიარე”

* * *
გაგივლია ოდესმე?
მე - კი! პატარობისას!
იცი, როგორ მიხაროდა?! თავს ჭეშმარიტ მამულიშვილად ვგრძნობდი!
მერე?
მერე - გავიზარდე და მივხვდი, მოლოდ ეს არ კმარა…
ისე, მართლა ძალიან მაგარია დაცვარულზე ფეხშიშველა სიარული. მიწას მამად მიიჩნევ, ცას - დედად!
მაგრამ თუ გული არ გიდევს წმინდა ვერაფერს შეიგრძნობ!

* * *
იცი, შემეშინდა!
გითხარი, გავიზარდე მეთქი!
ადრე არაფრის მეშინოდა…
ახლა კი – მეშინია!

* * *
გუშინ ჩამოვედი!
მომნატრებია აქაურობა!
დილის მოლოდინში, ღამე შემომეფშვნა… გავათენე!
ადრე უძილობას არ ვუჩიოდი, ბალიშზე თავის მიდება კმაროდა!
ალბათ, ყველაფერი იმის ბრალია, რომ გავიზარდე!
გათენდა…
ფეხზე გავიძრე და გიჟივით გავვარდი გარეთ!

არაფერი… სულ არაფერი…

უეჭველი ვიტირებდი, მეზობელს რომ არ დაეძახა!
უცხოეთმა სულ გადარია, ალბათ ფიქრობს და მართალიცაა!

ჩემი წადილი ლევანს რომ ვუთხარი, გაეცინა!
ბალახს წყლის ჭავლი მუშვირა და ეზო აატალახა!
მეც რა სულელი ვარ? - გავიზარდე!
ადრე უფრო ჭკვიანი ვიყავი!

* * *
დღეს არ დაუცვარავს!
ალბათ, არც ხვალ…
ბუნება რომ დავივიწყე, მანაც ხელი აიღო ჩემზე!

* * *
ჩემს განცდებზე ეცინებათ… “სასაცილო იქნებოდა, სატირალი რომ არ ყოფილიყო!” აბა გაზრდილებს რა გვესმის?! არც არაფერი!
მართალია: გული არ ბერდება!
ტყუილია: გული არ იცვლება!
იცვლება, თან როგორ! უფრო და უფრო ბინძურდება (თუმცა გამონაკლისიც არის)!

* * *
გუშინდელ ნაწერს თავლი გადავავლე!
ახლა მივხვდი!
“თუ გული არ გიდევს წმინდა”… გამახსენდა ბებოს სიტყვები!

* * *
რატომ გავიზარდე? ეს ცრემლია? ვტირი!
თანდათან ვგრძნობ, როგორი გავხდი!..
გული მტკივა… პატაობისას არ მტკიოდა…

* * *
ისევ გათენდა… რაღაც მიხმობს!
მიწა - მამა, ცა - დედა!
ეს ბუნების ძახილია…
ალიონზე მიწვევს!

და კვლავ მიხაროდა…
და კვლავ ვგრძნობდი!

და ჭეშმარიტი ბედნიერებისათვის
ეს მე ნამდვილად მკმარა!

08.08.2006წ.